სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო - პროკურატურა

10 იანვარი 2023, 13:04 532 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თანასწორუფლებიანობის დარღვევის და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში