მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას - ამერიკელი ნევროლოგი

09 იანვარი 2023, 13:59 689 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი იკითხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შაჰინ ემანუელ ლაჰანი დისტანციურად ერთვება. 

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას.

"მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ მკურნალობა არ არის სწორად ჩატარებული. მისი გასინჯვის შემდეგ, მე ვხედავ, რომ ამის საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიცაა საკუთარი თავის მოვლა და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს.  

ვიდრე სხვებისგან არ მივიღე ინფორმაცია, არ უთქვამთ, რომ კრუნჩხვები ჰქონდა და გამოკვლევისას დაეცა. მის სხეულზე აღმოვაჩინე დაზიანებები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მას არ ახსოვს ეს ეპიზოდი, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის კრუნჩხვებისთვის. ეს ვუთხარი სამედიცინო პერსონალს, თუმცა არ მისცემია შესაბამისი მკურნალობა. ჩემთვის ეს ნათელი დადასტურებაა, რამდენად არაადეკვატურია მის მიმართ გაწეული მკურნალობა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლაჰანიმ სასამართლო პროცესზე.

შაჰინ ემანუელ ლაჰანის განცხადებით, სააკაშვილი სერიოზულად არის ავად.

„სააკაშვილს აწუხებს თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია. ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რაც მას აქვს, არის დემენცია, ასევე კრუნჩხვები. სააკაშვილს აქვს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც ართულებს სიარულს. ამასთან, ზეწოლა ხერხემლისა და კისრის მიდამოში, მალთა შუა დისკებს შორის, ანუ ზურგის ტვინზე. აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს ყველაზე სერიოზულია იმ სამედიცინო მდგომარეობებს შორის, რაც მას აქვს. სააკაშვილს ასევე აქვს გონების გარდამავალი დაკარგვა, დემენცია, კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. ეს არის სია მისი სერიოზული დააავადებების, რომლებიც ვთვლი, ხელის შემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის“, – აღნიშნა ნევროლოგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი