გაუფასურებული ლარი

01 დეკემბერი 2016, 00:00 1952 ნახვა

სესხების გალარების პროგრამა 1 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება” - განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. რომელშიც აღნიშნულია, ”პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს. სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს არა უმეტეს 100 ათასი ლარისა, რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ თუ რატომ შეირჩა და რატომ ეხება გალარების პროგრამა 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. ”აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები. კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით.

ამავე კატეგორიაში