აჭარაში კორონავირუსი კიდევ 126 ადამიანს დაუდასტურდა 

17 სექტემბერი 2020, 11:33 1854 ნახვა

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 126 აჭარაშია. გადანაწილება  ასეთია: ბათუმში 121 შემთხვევაა გამოვლენილი, ქედაში ერთი, ქობულეთში - 3, ხოლო ინფიცირების ერთი ფაქტი დაფიქსირდა ხულოში.

მეორე დღეა ბათუმში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 

აჭარის მთავრობაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რეგიონში კონტროლი გამკაცრდა. ასევე მოგვარდა კლინიკებში დამატებითი საწოლების პრობლემა. 

​''განვიხილავთ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ერთი მხრივ ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას და ამავე დროს არსებული პაციენტების მართვას. ამ პროცესებში ყველა უწყება ჩართულია. აჭარაში საწოლფონდი გაზრდილია და შესაბამისად დღის  წესრიგში ეს საკითხი კრიტიკულად არ დგას. ამავე დროს რიგი პაციენტები იმართება კოვიდსასტუმროებში, ესენი არიან უსიმპტომო პაციენტები. ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად დაყოვნების ნაწილში არსებული ხარვეზებიც აღმოფხვრილია. 

ჩვენ კონტროლი გავაძლიერეთ, ეს ეხება როგორც კომერციულ სექტორს, ასევე თერმოსკრინინგს, რომელიც აქტიურად ტარდება.

ვინაიდან ბათუმი არის განსაკუთრებული საყურადღებო ეპიდკერა, მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და მობილობისგან შევიკავოთ თავი. რამდენიმე დღეში ეს სიტუაცია დასტაბილურდება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ აჭარაში მოხდა კლინიკების მობილიზება და ამ ეტაპზე 150 საწოლი თავისუფალია. 

''დღის ბოლოს გვექნება უფრო მკვეთრი სურათი. მე მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტლის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის, დღეს აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და 150-ზე მეტი საწოლია თავისუფალი'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში