17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

14 აგვისტო 2020, 15:36 8533 ნახვა

ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას ხვალიდან, 15 აგვისტოდან შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge. 

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

უწყების ცნობით, ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველბებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთიბანკის“ ფილიალებს

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში