მთავრობა ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს

13 აგვისტო 2020, 11:24 2849 ნახვა

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყურძნის შემდეგ არასტანდარტულ ვაშლს დაასუბსიდირებს. გიორგი გახარიას განმარტებით, ყველა  კომპანია, რომელიც ჩაერთვება ვაშლის შემსყიდველ შტაბში, სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით.

"ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ჩვენ სექტორალურად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას, ძირითადი მიზანია, რომ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი რომელსაც ჩვენ გადავდგამთ ეს იქნება ვაშლი, ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს ვაშლის ფასი ბაზარზე საგრძნობლად დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით შემდგომ ჩვენ დღესვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით, საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრი. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება ვაშლის დაბინავების მიზნით, სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით და ეს ძალზეც მნიშვნელოვანია  რეგიონისთვის. ამიტომ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. პროგრამა გაგრძელდება დეკემბრამდე"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს 120 000 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ელოდებიან. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ვაშლის სუბსიდირების პროგრამაში ჩართულ კომპანიებს ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტს დაუფინანსებს.

"წელს ჩვენ ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში. წელს მსოფლიოში მოლოდინი არის, რომ ვაშლის მოსავალი იქნება ძალიან მაღალი. შარშან იყო მცირე მოსავალი, ფასები იყო მაღალი, მაგრამ საქართველოშიც არ იყო მაღალი მოსავალი. ამის გათვალისწინებით, რომ ფერმერებს არ შეექმნეთ მოყვანილი პროდუქტის ჩაბარების პრობლემა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების პროგრამისა. ეს იქნება 10 თეთრიანი სუბსიდირება 1 კგ ვაშლზე, იმ შემთხვევაში თუ კომპანიები მინიმუმ 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებლებს, ისინი მიიღებენ ზუსტად 10 თეთრის კომპენსაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობას მოსავალი არ დარჩეს დაუბინავებელი და მინიმუმი ანაზღაურება მიიღოს გაწეულ შრომაზე.

მასტიმულირებელი მექანიზმი ასეთი კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე, არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა შესყიდვებში და ეს განახორციელოს კერძო, გადამამუშავებელმა კომპანიებმა, რომლებიც ძირითადად აწარმოებენ ვაშლის წვენის კონცენტრატს და ეს არის საექსპორტო პროდუქტი და გადის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მათ ექნებათ საშუალება, რომ ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტი დავუფინანსოთ იმ შემთხვევაში თუ საბანკო კრედიტის პროცენტი არ იქნება 16-ზე მეტი ჩვენ ნახევარს, 8%-ს დავაფინანსებთ თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. 

ეს პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე. სეზონი დაიწყება სექტემბრდან და ჩვენ გვეყოლება მობილიზებული სამუშაო შტაბი, ძირითადად გორის მუნიციპალიტეტში სადაც განთავსებულია 10-მდე გადამამუშავებელი ქარხანა. კომპანიებს მოეთხოვებათ ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტ კავშირი, ჰქონდეთ კამერები, რომ მოხდეს პროცესის ორგანიზებულად ჩატარება და კონტროლი"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში