"დაგვიბრუნეთ პოლიციის ნდობა'' - ბრალდებულის ოჯახის წევრები სასამართლოსთან აქციას მართავენ 

04 აგვისტო 2020, 12:30 2174 ნახვა

"დაგვიბრუნეთ პოლიციის ნდობა" - ამ შინაარსის პლაკატებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების დაშვებას მოითხოვენ. დაცვის მხარე ამბობს, რომ პოლიციელმა ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ხოზრევანიძე დააკავეს. შემთხვევა 27 ივნისს მოხდა. 

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება. მისივე თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც დაპირისპირებაა ასახული. 

''კადრებში ჩანს როგორ ესხმის თავს პოლიციელი მოქალაქეს და ცემს. მომხდარს დაკავებულის ოჯახიც შეესწრო, ირგვლივ უამრავი ფაქტის მომსწრეა. ამიტომ შესაბამის რეაგირებას ვითხოვთ'' - აცხადებს უფლებადამცველი.

ზაზა პაპიძის თქმით, სამართალდამცველმა გია გოგოლაძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა და დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ის პოლიციაში მუშაობას კვლავ აგრძელებს. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

განახლება: 14:03 მოსამართლემ დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძე პატიმრობაში დატოვა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში