არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება - სახალხო დამცველი პრეზიდენტს

15 ივლისი 2020, 14:28 1627 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა: "ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი, მე ეს ჯგუფური, აგრესიული, ძალადობა ადამიანებზე ძალიან მიუღებელია''.

ომბუდსმენის თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა არის ძალადობა, ეს არის კრიმინალი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება და მნიშველოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ეს ვთქვათ, უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა არის შესაცვლელი. ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა არა ძალადობასა და ფიზიკურ დაპირისპირებებში, არამედ სხვა ღირებულებებში გამოიხატება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში