ავიარეისებზე შეზღუდვა ევროპის სამი ქალაქისთვის მოიხსნა

11 ივლისი 2020, 11:34 967 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ, გუშინ მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან აქვს გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. მათ შორის პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა „2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა  და შემდეგ აეროპორტებს შორის:მიუნხენი; პარიზი, რიგა. ამასთან, „გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან  შეთანხმებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში