მე ვიქნები ბოლო ნომერი, მთავარია ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები - გიორგი გახარია 

10 ივლისი 2020, 11:22 1358 ნახვა

პრემიერის განცხადებით,  თუ რომელი ნომერი იქნება საარჩევნო სიაში, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გიორგი გახარიას თქმით, მთავარი სანიმუშო არჩევნების ჩატარებაა.

„დავიწყებ ბოლოდან, მე ვიქნები ბოლო ნომერი. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან ახლა ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი, პანდემია, გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მესამე ამოცანა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში არის, ის რომ წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები.

თავიდანვე ხომ ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით. ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით. როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი ვინ იქნება სიაში? კიდევ ერთხელ გეტყვით, მნიშვნელობა არ აქვს, სიაში ვინ რომელი იქნება, რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, მთავარია ქვეყანამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები. ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ახლა ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევას  წერტილი“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში