საქართველოში 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს, გარე სამუშაოები კანონმდებლობით არ იკრძალება

07 ივლისი 2020, 15:49 5651 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42, მთიან რაიონებში 35-37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33-35 გრადუსს მიაღწიოს. 

მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, საქართველოში სამუშაო ადგილებზე საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მათ შორის, გარე დასაქმებულების შემთხვევაშიც. 

საქართველოს კანონმდებლობა 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს, თუნდაც გარე სამუშაოების  აკრძალვის შესახებ, რაიმე სახის რეგულაციას არ ითვალისწინებს.

იურისტი ლელა ბჯალავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის გამოცდილება უნდა გაიზიაროს და შრომის კოდექსში ცვლილებები შეიტანოს. 

"სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის რეგულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს, თუნდაც გარე სამუშაოები, აიკრძალოს. შესაბამისად, ვერ ხერხდება დასაქმებულთა უფლებების დაცვა. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ეს რეგულაცია დაცულია და როცა არის მაღალი სიცხე ან ყინვა , გარეთ შრომა იკრძალება. ჩვენ შრომის კოდექსში  მსგავსი ჩანაწერი არ გვაქვს, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა დასაქმებულთა უფლებები დავიცვათ. ამ კუთხით პარლამენტმა მსჯელობა და შრომის კოდექსში ცვლილებები უნდა მიიღოს.

საქართველოს ხელისუფლება რატომღაც არ თვლის, რომ მაღალი ტემპერატურა შესაძლოა, სავალალო შედეგის მომტანი გახდეს, თუნდაც მშენებლობაზე დასაქმებულთათვის. სახელმწიფომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტად უნდა დაისახოს და მეტად იფიქროს გარეთ მომუშავე ადამიანებზე. 

საბერძნეთში, მაგალითად მაღალი სიცხეების გამო, როცა 40 გრადუსს აჭარბებს, გარეთ  მუშაობა იკრძალება. ვფიქრობ, მსგავსი პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს საქართველომაც"- აცხადებს იურისტი ლელა ბჟალავა.

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ შრომის კოდექსი ადამიანის სამუშაო პირობებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის,  მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლო რისკებს. ირაკლი პეტრიაშვილია ამბობს, რომ ინიციატივით საქართველოს პარლამენტს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მიდგომები მხოლოდ საოფისე პირობებში მუშაობის კუთხით გაიწერა. 

პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, თუ გარე სამუშაოების დროს ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღალია და ადამიანის უსაფრთხო საქმიანობას საფრთხე ექმნება, შეუძლია დასაქმებულმა სასამართლოსაც მიმართოს. 

''რაც გაითვალისწინეს,  გააკეთეს ის, რომ ბენზინგასამართ სადგურებს, რომლებსაც ჰქონდათ ტემპერატურის მზომი - ისინი აუკრძალეს. იმიტომ, რომ რეალურად სხვადასხვა სტანდარტებით 40 გრადუსს ზემოთ ტემპერატურაზე გარეთ მუშაობა აკრძალულია. ჩვენს კანონდებლობაში მსგავსი რეგულაცია არ არის, საოფისე მუშაობისგან განსხვავებით. 

ჩაქუჩი რომ არ გვიჭირავს ხელში და არა ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ესაა. ძირითადად ბიზნესია წარმოდგენილი და საზოგადოების ინტერესის ნაცვლად საკუთარ ბიზნესინტერესებს ლობირებენ, აქედან გამომდინარე შედეგი ბუნებრივია. 

თუ მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, ჩვენ მოვახდენთ დასაქმებულების უფლებების დაცვას. თუ ისინი უარს იტყვიან ამ ტემპერატურის დროს მუშაობაზე. კანონი არეგულირებს იმას, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები. 40 გრადუსი და მეტი, ეს არ არის უსაფრთხო პირობა'' - განაცხადა მაუწყებელთან ირაკლი პეტრიაშვილმა.

სიცხე მავნე ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად ის საშიშია 75 წელზე ზევით ასაკის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის (განსაკუთრებით ახალშობილთათვის), ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის პარკინსონის დაავადების და ინსულტით დაავადებულებისთვის.

სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება და სუნთქვის გაუარესება, ასევე სითბური დარტყმა, ორგანიზმის გადახურება და წყლის დეფიციტი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში