საია კაფე-ბარების დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

24 ივნისი 2020, 15:34 1269 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 16 კაფე-ბარი პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით 10 000 ლარით დააჯარიმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი. ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა.

"ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები. მსგავსი რეგულირება ადრესატებში გაურკვევლობას იწვევს. ამასთან, რიგ შემთხვევებში დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო. კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლები საიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა გაართულა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთ შემთხვევაში დარღვევად მიიჩნია კონკრეტული პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ასეთი დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. საყურადღებოა ისიც, რომ რამდენიმე შემთხვევაში კვების ობიექტების ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი მუშაობის განახლებამდე, ინსპექტირების დეპარტამენტს წინასწარ შეემოწმებინა მათი ობიექტი და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცათ შესაბამისი რჩევები მათ გამოსასწორებლად, ამ მიზნით მათ როგორც ელექტრონულად, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის გზით არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა"-წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია მოუწოდეს ინსპექტირების დეპარტამენტს, ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ობიექტის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად, გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში