არის 4 ახალი კლასტერი, არ ვიცით, სად და როდის მოხდა ინფიცირება - პრემიერი 

11 ივნისი 2020, 11:12 1625 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 4-ის პირველწყარო ამ ეტაპზე უცნობია. 

გიორგი გახარიას თქმით, ეს საგანგაშოა. 

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხი შემთხვევიდან სამი თბილისში დაფიქსირდა.

''11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ოთხის წარმომავლობა არ არის ცნობილი. ამ ოთხი შემთხვევიდან სამი გახლავთ თბილისში. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ, გავაგრძელოთ ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რაც შეიძლება მოხდეს. 

უნდა გვესმოდეს, რომ ოთხი ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყარო ჯერ დაუდგენელია, დიდი რისკის შემცველია. ფაქტიურად არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება. ეს  რა თქმა უნდა საგანგაშოა.

ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია'' - განაცხადა პრემიერი მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში