9 ივნისის სპორტის სიახლეები

09 ივნისი 2020, 20:00 1458 ნახვა

ჩაქვის სპორტსკოლის პროექტი დასრულებულია და სულ მალე მშენებლობა დაიწყება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული ვითარების მიუხედავად მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურების მშენებლობა არ გაჩერდება და პროექტები დათქმულ ვადებში დასრულდება.  

ბათუმის ,,დინამოს’’ ფეხბურთელმა, ნიკოლოზ საბანაძემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაციას ,,აჭარასპორტი’’ ავრცელებს. ფეხბურთელმა 2019 წლის ივლისში მძიმე ტრავმა მიიღო და 8 თვე სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, ნიკოლოზი წელს, განახლებულ სეზონში დაბრუნდა და ორი შეხვედრა შეცვლაზე ითამაშა, თუმცა ხერხემლის ტრავმის გამო იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. თავდამსხმელი ბათუმურ კლუბში 2018 წლიდან ასპარეზობდა და ,,დინამოს’’ მაუსურით 47 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. საბანაძე სხვადასხვა დროს ირანულ ‘’სიაჰში’’ , კვიპროსულ ‘’ეთნიკოსში’’, ‘’ზესტაფონში’’, ‘’სამტრედიაში’’, მარტვილის ‘’მერანში’’, თბილისის ‘’დინამოში’’, ‘’საბურთალოში’’ და ქუთაისის ‘’ტორპედოში’’ ასპარეზობდა. ქუთაისურმა კლუბმა საბანაძეს სპეციალური პოსტი მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა კლუბში გატარებული დროისთვის. საბანაძემ ყველაზე მეტი შეხვედრა სწორედ იმერული კლუბის მაისურით ითამაშა. კლუბის პრეზიდენტის განცხადებით სავარაუდოდ საბანაძე დინამო ბათუმში სხვა პოზიციას დაიკავებს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, 11 მილიონი დოლარით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია დაეხმარება. თანხები 5 კონტინენტური ასოციაციის მეშვეობით განაწილდება, რათა თავიდან აიცილონ არსებული პროგრამების დუბლირება. თანხის განაწილებას აუდიტორები გააკონტროლებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაკის ფალავანთა კლუბი ჭიდაობის ფედერაციას ხანგრძლივი სარგებლობის უფლებით გადაეცა. დარბაზში სპორტსმენები დროებით იყვნენ შესახლებულები და  ხელშეკრულება ყოველწლიურად ახლდებოდა. ფალანვანთა კლუბში  საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ივარჯიშებს. 

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში