ჩვენ არ ვთაკილობდით და ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ, ზოგ ორგანიზაციაში 100 000, ზოგან კი 200 000 შევამცირეთ ხარჯები - ფინანსთა მინისტრი 

09 ივნისი 2020, 11:32 1191 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა ხდება.

ივანე მაჭავარიანის თქმით, 600 მილიონამდე არსებულ ბიუჯეტში დანაზოგია, რომელიც 2020 წლისთვის 2019 -ის ბოლოს მომზადდა. მისივე განმარტებით, შემცირებულია მივლინებების, საწვავის და ასევე ადმინისტრაციული ხარჯები. 

„შემცირება დაახლოებით ნახევარ-ნახევარზე ნაწილდება, 300 მილიონი კაპიტალურში, 300 მილიონი მიმდინარე ხარჯებში. ეს მოიცავს იმ ხარჯების შემცირებას, რომელიც ამ პანდემიასთან დაკავშირებით ბუნებრივად მცირდებოდა, ანუ რაღაც ტიპის აქტივობები, რაღაც ტიპის საქმიანობები შეზღუდული იყო და თავისთავად, ეს მოიცავდა. ამას გარდა, არ დარჩენილა უწყება, არ დარჩენილა სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელშიც არ გაგვევლო დეტალურად და სხვათა შორის, ეს თანხა ბევრი შემცირებისგან შედგება.

შედარებით მსხვილი კომპონენტი არის ის ნაწილი, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული ღონისძიებები, რომელიც იყო დაგეგმილი და უბრალოდ, ვერ ჩატარდება. მაგრამ ამის გარდა, დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ არ ვთაკილობდით და ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგ ორგანიზაციაში 100 ათასი, ზოგან 200 თასი შევამცირეთ ზუსტად იმიტომ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ის სივრცე, რომელიც საჭირო არის ამ პანდემიასთან ერთი მხრივ, ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისთვის, მეორე მხრივ ამ პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. იქნებოდა ეს ფიზიკურ პირებზე, ჩვენივე მოქალაქეებზე მიყენებული ზარალი ამ პანდემიიდან გამომდინარე, თუ კომპანიებისთვის და ბიზნესკომპანიებისთვის მიყენებული ზარალი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში