სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ მგზავრობის საფასური გაზარდეს

03 ივნისი 2020, 11:29 6315 ნახვა

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ მგზავრობის საფასური გაზარდეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს 50 თეთრის ნაცვლად 70 თეთრი გადაიხადეს. 

მძღოლებს მიკროავტობუსებში გამოკრული აქვს აბრა, სადაც წერია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრობა 50 თეთრი ღირს, ხელვაჩაურში კი 70.

ისინი ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ, ახალი რეგულაციებით აკრძალული აქვთ გვერდით მგზავრის დაჯდომა, ასევე ფეხზე მდგომი მოქალაქეების გადაყვანა. მათივე თქმით, ქალაქის ტერიტორია ე.წ. სტეფანოვკის დასახლების შემდეგ სრულდება. 

შპს ''აჭარტრანსპორტის'' ხელმძღვანელი კი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს, პირად საუბრებში ირწმუნება, რომ მგზავრობის საფასური არ შეცვლილა. 

ბათუმის მერიის განმარტებით, ტარიფი საკრებულოს გადაწყვეტილებით რეგულირდება და ცვლილება არ განხორციელებულა. მძღოლებმა მხოლოდ საგარეუბნო მგზავრობის ტარიფი შეცვალეს, საუბარია ხელვაჩაურის სოფლებზე.

ემზარ ქავჟარაძის თქმით, მძღოლი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრს 50 თეთრზე მეტს გადაახდევინებს დაჯარიმდება. 

''ქალაქის ფარგლებში მგზავრობის ფასი არ შეცვლილა და ღირს 50 თეთრი. მე თვითონ ვნახე, რომ ფინიშებიც უდევთ. არის შემთხვევებევი, როცა სამარშრუტო ტაქსები მაგალითად ნომრები 49, 56 დადიან სოფლებშიც. საგარეუბნო საერთოდ არ რეგულირდება.

ვინც ცხელ ხაზზე რეკავს ვეუბნებით, თუ მძღოლი ქალაქის ტერიტორიაზე 50 თეთრზე მეტს გადაახდევინებს, აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ზომებს. დადგენილი ტარიფის შეცვლა საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე არავის შეუძლია. საქალაქო მგზავრობაზე 2022 წლის პირველ აპრილამდე განსაზღვრულია ტარიფი. თვითნებურად ვერ შეცვლიან. სოფლებზე ჩვენ ვეღარ შევედავეთ. 

ბოლო დღეებში რამდენიმე მოქალაქემ დარეკა, ინფორმაცია მოიკითხა. სულ ორი ზარი შემოვიდა. აინტერესებდათ ქალაქის ფარგლებში ფასი ხომ არ იყო გაზრდილი.  დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოგვმართონ +995800000810-ზე,  ეს არის მერიის ცხელი ხაზის ნომერი, შემდგომ მოქალაქემ უნდა აკრიფოს შიდა ნომერი - 103 და დაუკავშირდება მუნიციპალურ ინსპექციას. 

შესაბამისი სამსახური  აუცილებლად გაატარებს ზომებს და მძღოლი სანებართვო წესების დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდება '' - აცხადებს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი.

მერიაში ამბობენ, რომ ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის უფლება მძღოლებს არც აქამდე ჰქონდათ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი