მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადირებას ითხოვენ 

01 ივნისი 2020, 11:45 2609 ნახვა

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები  და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადირებას ან გათავისუფლებას ითხოვენ. 

ამბობენ, რომ მინდია გორაძის უფლებები ირღვევა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი გავიდა, ქართული მხარეს კი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთისთვის არ მიუმართავს. 

მინდია ლავასოღლის საქმეს სტამბოლის სასამართლო 4 ივნისს განიხილავს. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. უფლებადამცველების თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა. 

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. 

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა მსგავსი მოთხოვნებით აქცია გასულ თვეებშიც გამართეს. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო. 

ლავასოღლი 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. 

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში