რა შეზღუდვები რჩება და იხსნება 23 მაისის შემდეგ - მთავრობის განმარტება

22 მაისი 2020, 20:30 4681 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დეტალურად ისაუბრა, თუ რა შეზღუდვები გაუქმდება 23 მაისის შემდეგ და რა შეზღუდვა დარჩება ძალაში 15 ივლისამდე. 

23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12:00 საათიდან გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდება კომენდანტის საათი.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომლის შესაბამისად, დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

საკარანტინო ზონებად რჩება, მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა. ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

23 მაისიდან უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებისას, თუმცა ეს არ შეეხება ტაქსებს. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. მათი რისკჯგუფის გათვალისწინებით რეკომენდირებულია, რომ ისინი უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.

23 მაისის შემდეგ ძალაში რჩება:

1. სავალდებულოა ნებისმიერ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია; 

2. აკრძალულია სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი;

3. ტაქსიში მგზავრთა რაოდენობა კვლავ შეზღუდულია და ამავდროულად, ტაქსის მძღოლი ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. 

4. აკრძალულია რესტორანში, ბარსა და კაფეში მომხმარებლების საკვებით ადგილზე მომსახურება;

5. შეზღუდულია სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა მათი საკარანტინო სივრცედ გამოყენებისა;

6. აკრძალულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ-ვაჭრობისა;

7. შეზღუდული რჩება სავაჭრო ცენტრები, მოლები დახურული რჩება, გარდა იმისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;

8. შეზღუდული რჩება სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება;

9. აზარტული და მომგებიანი თამაშები შესაძლებელია დაიშვას, მხოლოდ ელექტრონული ფორმით;

10. სახელმწიფო სერვისების ნაწილის ფუნქციონირება, კვლავ დისტანციურად განხორციელდება;

11. შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როგორც ქალაქებს შიგნით, ისე საქალაქთაშორისო მოძრაობისას;

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში