საქართველომ პირველი საერთაშორისო ვიზიტორი ისრაელიდან უნდა მიიღოს - შალვა ალავერდაშვილი

13 მაისი 2020, 15:00 2211 ნახვა

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, 2020 წელი ტურისტული სექტორისთვის თავის გადარჩენის წელი იქნება. მისივე შეფასებით ქვეყანას გაისად ტურისტების რაოდენობის მხრივ -35%-იანი კლება ექნება 2018 წელთან შედარებით. დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ეპიდსიტუაცია არ არის.  მისივე თქმით, მიზეზი საზოგადოებაში აზროვნების ცვლილებაცაა.

"ამ ეტაპზე მსოფლიოში აზროვნება იცვლება გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარში ბევრი პანდემიის შესაძლო დაბრუნებას ელოდება. ბევრმა ფულის დაზოგვა დაიწყო, რადგან არაპროგნოზირებადია სიტუაცია და მომავალი ბუნდოვანი. შეიძლება ამ მოლოდინიდან გამომდინარე ბევრმა თავი შეიკავოს მოგზაურობისგან, ახლა ზოგადად აზროვნება არის შეცვლილი. 2020 წელი იქნება გადარჩენის წელი, 2022 წელს დავეწევით 2018 წლის მონაცემებს და შემდეგ წლებში დაიწყება ტურისტების მატება„-განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.

მისივე თქმით, საზღვრების გახსნისას უმთავრესია რომ ჯერ ეპიდსიტუაციას დავაკვირდეთ და შემდეგ ეკონომიკური სარგებლის მიღების კუთხით ვიმსჯელოთ.

შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ისრაელი არის ქვეყანა, რომელთანაც საქართველომ რეგულარული ფრენები უნდა აღადგინოს. მისივე შეფასებით ტურისტული ნაკადის შესავსებად კარგი იქნებოდა ინდოეთთან სავიზო რეგულაციების გამარტივება და იქიდან ტურისტების შემოყვანა.

"ყველა აკვირდება ეპიდსიტუაციას. ჯერ რეალურად რომელ ქვეყანასთან გავიხსნებით არ ვიცით, რა თქმა უნდა პირველ რიგში თუნდაც აჭარის რეგიონისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მეზობელი ქვეყნების გახსნას. რეალურად ამ წუთისთვის ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს ისრაელს და პირველი საერთაშორისო ვიზიტორიც სწორედ ისარელიდან უნდა მივიღოთ. ისრაელი გვთავაზობს სტუმრების აეროპორტში გამოფრენისას და ჩაფრენისას ტესტირებას, რაც დიდი დახმარებაა ჩვენთვის. საქართველოს ტურისტული ბაზრის შესავსებად კარგი იქნება თუ გაიოლდება სავიზო რეგულაციები ინდოეთთან. ინდოეთში დიდი პანდემია არ ყოფილა და საკმაოდ დიდი ბაზარია, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა და თუ ხელს შევუწყობთ შეიძლება რაღაც ნაწილში ტურისტების დანაკლისი შეასვონ. ინდოეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და ტურისტების რაოდენობაც საკმაოდ ბევრი ყავს"-განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად საქართველოსთვის არსებული იმიჯის შენარჩუნებაა და ამბობს რომ ამ მხრივ თითოეული რგოლის როლი ძალიან დიდია.

"ჯერ კარგად მივდივართ. ჩვენ ახლა გვაქვს კარგი იმიჯი, ჩვენთვის მთავარია ახლა ამ იმიჯს გავუფრთხილდეთ. ჩვენგან არ უნდა წავიდეს ისეთი მესიჯები, რომ ჩავედი საქართველოში და იქ არ დამხვდა დაცული უსაფრთხოების ზომები. ამ მხრივ თითოეულს დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ ჩვენგან გავიდეს დადებითი ინფორმაცია, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო და აქ დაცულია ყველა ის ნორმა, რომელიც დაცულია განვითარებულ ქვეყნებში. "- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში