თუ სახელმწიფოს ინტერვენცია არ მოხდა, სურსათის დეფიციტის პრობლემა დადგება - ფერმერთა ასოციაცია

13 მაისი 2020, 13:56 1537 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კრიზისულ პერიოდში ფერმერთა დახმარების გეგმა წარადგინა. მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის სოციალური დატვირთვის მქონე პროექტი. ნაკლები დანახარჯით მიიღო პროდუქცია, რომელშიც მეტი უნდა გადაგეხადა.

''სიმინდის ერთ ჰექტარზე მოყვანა ჯდება 3 ათასი ლარი. პირობითად გვაქვს 10 ჰექტარი დასამუშავებელი, თუ ჩვენ ეს უნდა დაგვჯდომოდა 30 00 ლარი,  გამოდის რომ 10 ჰექტარზე 1 500 ლარს ვზოგავთ. დარჩენილი 28 500 შეგვიძლია ავიღოთ იაფი აგროკრედიტი, რომლის საპროცენტო განაკვეთს 6 თვის განმავლობაში ფარავს სახელმწიფო. გამიჭირდება გითხრათ კიდევ რა საჭიროებაა, ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც ბმაში ავსებს ერთმანეთს'' - ამბობს ბექა გონაშვილი.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ყვება, რომ ქვეყანაში სიმინდის მარცვლის დეფიციტია, ამიტომ საქართველომ მარაგების საკუთარი რესურსებით შევსებაზე უნდა იზრუნოს.  

''რუსეთმა აკრძალა მარცვლეულის ექსპორტი 1 ივლისამდე, მაგრამ კიდევ არ ვიცით რა მოხდება. დღეს საქართველოში სიმინდის მარცვლის დეფიციტია. ხორბალი მარაგებში გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ თავიდანვე სამი თვის მარაგი იყო, ახლა კი ამერიკიდან ჩამოდის 27ტ''.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაუჩერების და სუბსიდირების ხანა გასულია, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია რთულია და ეს აუცილებელია. ნინო ზამბახიძის თქმით, თუ სახელმწიფო ინტერვენცია არ მოხდა, სურსათის დეფიციტის პრობლემა დადგება. 

''ფერმერს ყოველდღიურად ფული არ აქვს, ის თვეებს ელოდება, რომ მოსავალი აიღოს, ამიტომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი.

"პანდემიის გამოცხადებისთანავე ფერმერთა ასოციაციამ გააკეთა კვლევა covid-19ის გავლენა სოფლის მეურნეობაზე, რა ზიანის შეიძლებოდა მიეყენებინა სოფლის მეურნეობისთვს. გამოიკვლიეს ფერმერები და მათი საჭიროებები გადმოიტანეს კვლევაში. პარალელურად შევიმუშავეთ რეკომენდაციები, კრიზისიდან გამოსვლის გზები მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ყველაფერი ის რაც კვლევაში დაიდო ასახულია ანტიკრიზისულ გეგმაში. 

ყველა განვითარებულ ქვეყანას, რომელიც ექსპორტზე იყო 100%-ით ორიენტირებული, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ დააწესოს კვოტები ან რიგ შემთხვევაში ექსპორტი თავიანთი ქვეყნებიდან შეზღუდოს რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს, რომლებიც 60-70% იმპორტზეა დამოკიდებული სასურსათო დეფიციტი შეიქმნება. სახელმწიფოს ინტერვენცია და მცირე და საშუალო მეურნეების ფინანსურ კაპიტალზე წვდომა ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო

მაუწყებელთან საუბრისას ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მიწების რეგისტრაცია უნდა დასრულდეს.

'' 3 წელია მთავრობა ითხოვს დაარეგისტრირეთ მიწებიო და თანხას არ ახდევინებს, მხოლოდ ნახაზის ფულია გადასახდელი. როდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. როცა რეესტრი არ არსებობს, დახმარება როგორ უნდა მოითხოვოს? ახლა თუ არ არის დარეგისტირებული შეუძლია, რომ წლის ბოლომდე დაარეგისტრიროს. თუ არა მთავრობას აქვს უფლება ჩამოართვას და გაუყიდოს, რასაც შემდეგ უკმაყოფილება მოჰყვება, მაგრამ არ შეიძლება მუდამ დახურულ სივრცეში ტრიალი. ეს პრობლემა სულ იქნება თუ არ დასრულდა რეგისტრაცია. თუ გვინდა დახმარება უნდა დავარეგისტრიროთ მიწებიც. ქვეყანაში უნდა დასრულდეს მიწის რეგისტრაცია რომ განვსაზღვროთ ვინ არის ფერმერი, რა მიწის ნაკვეთებს ფლობენ ისინი, რომელი ფერმერი რას აწარმოებს, რომ ბიზნესის დაიგეგმოს, განვითარებული სოფლის მეურნეობაც გვქონდეს, დაზღვევაც უფრო მოქნილი იყოს და ბანკებმაც დაკრედიტებაც გაამარტივონ " - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში