კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

13 მაისი 2020, 13:08 588 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პრერმიერ-მინისტრის შემდეგ გუშინ კოვიდ 19 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მადაგასკარის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წამალი აწარმოეს, თუმცა მსოფლიო მათ აღმოჩენას სკეპტიკურად მოეკიდა. მისივე განცხადებით, სითხე წარმოებულია არტემიისგან - მცენარისგან, რომელსაც ანტი-მალარიული თვისებები აქვს. მადაგასკარის პრეზიდენტმა პრეპარატი რამდენიმე კვირის წინ წარადგინა და მოწვეული სტუმრების წინაშე დალია. „ის ნამდვილად არჩენს კორონავირუსს“,-განაცხადა რაჟოლინამ. მადაგასკარში კორონავირუსით მთლიანობაში 186 პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა.

იტალიაში 18 მაისიდან ბარების, რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნა იგეგმება. რეგიონულ ხელისუფლებებს მიენიჭათ უფლებამოსილება, მოხსნან ბიზნესზე არსებული შეზღუდვები, რომელიც, თავდაპირველად, 1-ელ ივნისს უნდა მოხსნილიყო. 18 მაისიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ საცალო მოვაჭრეები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. დაწესებულებებმა გახსნის წინ უნდა მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რესტორნებში კი მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს ორი მეტრი. აუცილებელი ნორმაა შენობის ყოველდღიური დეზინფექცია, სანიტარები ყველა რესტორანში და ოფიციანტებისთვის ნიღბები და ხელთათმანები. ხელისუფლების განცხადებით, იტოვებენ უფლებას, რომ ინფექციის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, კვლავ დააწესონ შეზღუდვები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი