დღეიდან იუსტიციის სახლები მუშაობას განსხვავებული პრინციპით განაახლებენ

05 მაისი 2020, 10:15 2268 ნახვა

დღეიდან მუშაობას იწყებს  იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები. თუმცა  განსხვავებული პრინციპით. აუცილებელია  იუსტიციის სახლში მისვლამდე წინასწარი ჯავშანის გაკეთბა  პორტალზე MYGOV.GE.  ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს. ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც მოქალაქეები ვირუსის გავრცელებამდე იღებდნენ. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი.  შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე,  ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები.

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ. ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში