27 აპრილიდან ავტომობილით და ტაქსით მოძრაობა დაიშვება

24 აპრილი 2020, 14:49 5462 ნახვა

"27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა"-ამის შესახებ გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა. პრემიერის განმარტებით ეს ყველაფერი ეხება იმ კომპაბიებსა და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინსიტროს რეკომენდაციებსა და წესებს.

პრემიერმა შეზღუდვების მოხნის შემდეგ ეტაპებზეც ისაუბრა და განმარატა იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც ორ კვირიანი ინტერვალით ეტაპობრივად  განაახლებენ ფუნქციონირებას.

თუმცა პრემიერმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

„მეორე ეტაპი, ეს იქნება სავარაუდოდ 27 აპრილიდან ორი კვირის შემდეგ. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით.  ამ ეტაპზე დაიშვება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობაზე დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად. კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. 

მესამე ეტაპი, ეს გახლავთ საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა.  რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვაჭრობას უკვე ვხსნით. ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. 

მეოთხე ეტაპი – უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. აქაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, აქ საუბარია ღია სივრცეებზე. რესტორნების ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე. აღდგება ყველა ტიპის საფინანსო მომსახურეობა, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი – დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი – ყველაზე რთული და აქ უკვე, დიდი მნიშვნელობა ექნება ეპიდსიტუაციას. მეექვსე ეტაპი, ფაქტობრივად ეს გახლავთ, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო- შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშები, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში