აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოთავისუფლებული სამივლინებო ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

16 აპრილი 2020, 14:25 1342 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. გადაწყვეტილებას დეპუტატებმა კენჭი დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე უყარეს. ეს ის თანხებია, რაც უკვე დაგეგმილი მივლინებებისა და ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა.

დღესვე დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებზე იმსჯელეს. საკანონმდებლო ორგანო საჭიროების შემთხვევაში სესიების დისტანციურ რეჟიმში ჩასატარებლად ემზადება.

"ცვლილების მიზანი ისეთი სამართლებრივი საფუძვლის შექმნაა, რომლის პირობებშიც, შესაბამისი ობიექტური გარემოებების არსებობისას, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება უმაღლესი საბჭოს დისტანციური საქმიანობა, ასევე ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მოქმედების გამოცხადების დროს უმაღლესი საბჭოს მიერ საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობის გაგრძელების სპეციალური სამართლებრივი რეგულაციის დადგენა"-განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში