საკარანტინო სივრცის მიღმა მოქცეული აფთიაქი, გაზის სადგური - რა ვითარებაა ქობულეთის საკარანტინო ზონის სოფლებში

14 აპრილი 2020, 13:57 1579 ნახვა

ქობულეთის ოთხი სოფელი უკვე მესამე დღეა მკაცრ კარანტინშია. წითელ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე მხოლოდ მედიკოსები, სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები და ის მოქალაქეები შედიან, რომლებიც სახლებში ბრუნდებიან. ერთი მითითებით: მოქალაქეები სოფლებს ორი კვირის განმავლობაში ვერ დატოვებენ. 

გვარას მკვიდრი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ სოფლებში აფთიაქი არ არის და წამლების მომარაგების კუთხით პრობლემები ექმნებათ.

სოფელში ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს და მათ დიდ ნაწილს მედიკამენტი მუდმივად ესაჭიროება. 

''გუშინ ამოსული იყო მოძრავი ბაზარი, პროდუქტის დეფიციტი არ არის. მოსახლეობას, რაც სჭირდებოდა თითქმის ყველაფრის შეძენა მოახერხა, ფასებიც გაზრდილი არ ყოფილა. იმ ფასში ვიყიდეთ როგორც ქალაქში ვყიდულობდით. რაც შეეხება წამლებს, სოფელშ აფთიაქი არ არის და ამ კუთხით გვინდა დახმარება, გარეთ გასვლას ვერ ვახერხებთ და სოფლის წამლებით მომარაგება მოხდეს. ხანდაზმულებიც ცხოვრობენ და რეალურად წამლებისთის ქალაქში დავდიოდით'' - ამბობს ირმა. 

კარანტინია სოფელ ლეღვაშიც. მოქალაქეები ყვებიან, რომ გუშინ სოფელში ხორცისა და რძისპროდუქტების დეფიციტი იყო, ბოსტნეული კი შეიტანეს. ნიგო ცეზარიშვილის თქმით, ლეღვაში მხოლოდ ერთი ბანკის ბანკომატია, მოქალაქეები თანხის განაღდებას ვერ ახერხებენ, მაღაზიებში კი ბარათით ყიდვა შეუძლებელია. 

''ლეღვაში ორი დიდი და ერთი მცირე ზომის სავაჭრო ობიექტია. დისტრიბუცია დადის. გუშინ სასუქის მარაგიც შემოიტანეს. როგორც მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს დღეს უნდა შემოვიდეს საწვავი. ​მუხაისტატეშიც არის ბენზისგამართი სადგური და საწვავის კუთხით პრობლემა არ არის. მაგრამ ის მოქალაქეები, რომლებსაც ავტომობილი გაზზე ჰყავთ საწვავს ვერ იმარაგებენ. ზოგს სახლიდან მოშორებით აქვთ მიწის ნაკვეთები, ამიტომ ავტომობილით წასვლა სჭირდებათ. გაზის სადგური კი საკარანტინო ზონის მიღმა მოექცა.  

​რაც შეეხება წამლებით მომარაგებას, მუხაისტატეში ორი აფთიაქი მუშაობს'' - გვიყვება სოფელ ლეღვას მკვიდრი. 

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ სოფლების ხორცპროდუქტებით მომარაგებაზე ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამიტომ პროდუქცია წითელ ზონაში არ შესულა. 

''ხორცპროდუქტების შეტანაზე მერია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათი ეროვნულ სააგენტოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს. საჭიროა სამაცივრე პირობების დაცვა და მისი სპეციალური ტრანსპორტით შეტანა. ამიტომ ვერ მოხერხდა სამი დღის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმის შეტანა. რაც შეეხება ფასებს და პროდუქციის ხარისხს, ამას ​მერიასთნ ერთად სამინისტროც აკონტროლებს'' - აცხადებენ მუნიციპალიტეტში. 

მედიკამნტებით უზრუნველყოფის საკითხზე კი ამბობენ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ, ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები კი წამალს ადგილზე მიაწვდიან.  

''გუშინ რამდენიმე მოქალაქემ დარეკა ცხელ ხაზზე და შეძლებისდაგვარად მოხდა მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ეზოში მიუტანეს. 591996677 და 599272744 ეს ის ნომრებია, სადაც ქობულეთის მკვიდრებს შეუძლიათ პრობლემის არსებობის შემთხვევაში დარეკონ. რაც შეეხება ბანკომატების საკითხს, ამ ეტაპზე მოლაპარაკება და მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც მოხდება საკითხის გადაჭრა'' - უთხრეს მაუწყებელს ქობულეთის მერიაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში