მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეს დავალება ტელეფონით მისცეს - მთავრობის დადგენილება

31 მარტი 2020, 17:26 2116 ნახვა

მთავრობის ახალი დადგენილებით, მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ.

თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ ან ვერ შეძლებს ჩართვას და სკოლის მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.

მოსწავლის მშობელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

''სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში