საკონტროლო პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა 

31 მარტი 2020, 12:50 1327 ნახვა

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკონტროლო გამშვები პუნქტი კიდევ ორ მუნიციპალიტეტში მოეწყობა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს არის თელავი და ახალციხე.  საგუშაგოებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ და ასევე ავტომობილებს ვიზუალურად შეამოწმებენ. 

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იქნებიან.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქალაქის მსგავსი რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო.

დღეს ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათიც. 

„დღეს კომენდანტის საათის ამოქმედება შედის ძალაში და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის ის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რათა მაქსიმალურად შეგვეჩერებინა კოვიდ-19 ის გავრცელება. მივმართავთ მოსახლეობას, დაიცვას ეს შეზღუდვა. სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში