COVID-19-ით ინფიცირებულ ექთანს დაბალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს

31 მარტი 2020, 11:40 1957 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდასტურდა, კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, მას დაბალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს. 

​''პაციენტი გუშინ გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება  დაბალი ტემპერატურა და ასევე ნაწილობრივი პნევმონია და აქტიური მკურნალობა მიმდინარეობს''- უთხრა მაუწყებელს კლინიკის დირექტორმა. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ექთანი, შესაძლოა დაუმორჩილებელი პაციენტისგან დაავადებულიყო, რომელიც პირველი ორი დღე ანალიზების ჩატარებაზე უარს აცხადებდა.

მისივე თქმით, უკვე დადგენილია ყველა ახლო კონტაქტი, აღნიშნული პირები კარანტინში ან თვითიზოლაციაში არიან. რამდენიმე მათგანს კვლევა უკვე ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. 

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ლევან ანთაძის განცხადებით, კვლავ მძიმეა ერთი მოქალაქის მდგომარეობა. ხუთის პირის შემთხვევაში კი დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

''ერთის  მდგომარეობა კვლავ მძიმეა და არ შეცვლილა. მეორეს საშუალო და აღენიშნება  ორმხრივი პნევმონია. სხვა პაციენტებზე შეიძლება ითქვას, რომ დაავადება ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიდის. ასეთი კი ხუთია. მედალფა 50 პაციენტის მიღებას შეძლებს, ინფექციურიდან რვავე პირი აქ გადმოიყვანეს.  

ვფიქრობთ ასე - სავარაუდო შემთხვევა შევა ინფექციურში დადასტურებული კი ჩვენთან გადმოვა, მერე როცა მზად იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, მსუბუქი პაციენტები იქ გადავიყვანოთ. 

კლინიკაში მედ პერსონალი, რეანიმატოლოგები, თერაპევტები, ინფექციონისტები მომზადებულები არიან. პაციენტების მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით ხდება, ასევე სხვა დეტალები თანხმდება თბილისთან. ახალი ვირუსია და სწორად მართვა რომ მოხდეს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ლევან ანთაძემ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი