პირველ მაისამდე კლინიკები გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას აღარ განახორციელებენ

28 მარტი 2020, 13:03 2590 ნახვა

ახალი კორონავირუსით  გამოწვეული ინფექციის COVID-19-ს პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება სტომატოლოგიური კლინიკებისთვისაც. სტომატოლოგთა ასოციაციის განმარტებით, სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას, აღნიშნული საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.

"კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისა კონტროლის მიზნით სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა:

➤ არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1 მაისამდე.

➤ არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.

➤ რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.

➤იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია.

➤​კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება.

➤გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში"- წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში