საქართველოში ყველა ასაკის პენსიონერს აპრილის პენსია წინასწარ ჩაერიცხება

28 მარტი 2020, 12:13 2177 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი my liberty.ge ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208. საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში