სამი მრჩევლის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უნდა აიღოს - მე მიყვარს ბათუმი 

09 მარტი 2020, 14:16 2455 ნახვა

მოძრაობა ''მე მიყვარს ბათუმის'' წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისთან დაკავშირებით, შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ''ქართული ოცნების'' კვოტით არჩეული მრჩეველთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უნდა აიღოს.  

​''ცხადია, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება ღრმა კრიზისში, რომელიც გამოწვეულია მრჩეველთა საბჭოს და დირექტორის გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტური პოლიტიკითა და გადაწყვეტილებებით. 

დაწყებულია კოლექტივის ნაწილის საგაფიცვო პროცესი. სწორედ იმ ნაწილის, რომლის მოვალეობაა სიტყვის თავისუფლების დაცვა და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარება. 

ჩვენ გვესმის რომ აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ აქვს ლეგიტიმაცია ჩაერიოს ტელევიზიის მართვაში, ამავე დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მრჩეველთა საბჭოს იმ სამი წევრის გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ვერ ასრულებენ მათზე ნაკისრ მოვალეობას, რამაც გამოიწვია აღნიშნული კრიზისული  მდგომარეობა აჭარის მაუწყებელში. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაიმართოს საზოგადოების შეხვედრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, რომელზეც გაიმართება მსჯელობა აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლის გზებზე'' - წერია განცხადებაში. 

 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისია და თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან. კრიზისი ტელევიზიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოადგილე სხვა სამსახურში გადაიყვანეს, წამყვანი კი ეთერიდან მოხსნეს.
გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამი სარჩელი მზადდება.

როგორც ცნობილია, მაუწყებლის მენეჯერს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შორენა ღლონტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების 20 საათიანის წამყვანი თეონა ბაკურიძე უჩივის. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფს. 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში