''ლელო'', აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს

09 მარტი 2020, 11:34 2407 ნახვა

''ლელო'', აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით გამოდის - ამის შესახებ პარტიის წევრმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ლელოს წევრები, საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ აღნიშნულ საკითხზე დისკუსია დაიწყოს. 

ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას ასახავს. 

''პოზიტიურად ვაფასებთ მიღწეულს შედეგს, რომელიც სრულიად საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი, თუმცა ლელო ძალიან კრიტიკულად უყურებს მოლაპარაკების იმ პროცესს, რომლის განმავლობაშიც ერთხელაც არ ყოფილა ხსენებული აჭარის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. თითქოსდა მსგავსი ლეგიტიმაციის უმაღლესი ორგანო ჩვენს სახელმწიფოში არც კი არსებობდეს. 

მე შევახსენებ ხელისუფლებას, რომ უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტის შემდეგ, რიგით მეორე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე წარმომადგენლობითი ორგანოა. უკვე შეთანხმებული საარჩევნო მოდელის პარალელურად უნდა დავიწყოთ დისკუსია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. 

აჭარის მოსახლეობას და აქ მოქმედ პარტიებს გვწამს, რომ პროპორციული არჩევნები სამართლიანად და თანასწორად ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას, თუნდაც უმაღლეს საბჭოში. აჭარა შესაძლებელია გავხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი დემოკრატიისკენ წინგადადგმული ნაბიჯით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება მიიღოს გადაწყვეტილება და თუნდაც ერთი რეგიონის მაშტაბით, საკუთარი შიშები გვერდით გადადოს'', - განაცხადა ბრიფინგზე ''ლელოს'' წევრმა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 120/30 მოდელით, ამას პარლამენტი გადაწყვეტს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში, ამ ეტაპზე უცნობია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში