მაუწყებელში მომხდარ კონფლიქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობას - ალტერნატიული პროფკავშირი

06 მარტი 2020, 17:57 1802 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი მაუწყებელში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში წერია, რომ ტელევიზიაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

პროფკავშირის წევრები ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდებენ სიტუაციის განმუხტვისთვის რესურსი გამონახონ და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის.

''მდგომარეობას ვაფასებთ როგორც - საგანგაშოს. განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი მიიღო ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა, რომელზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მმართველთა საბჭოზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა [განმუხტვის ნაცვლად].

ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში.

ჩვენ ნათლად ვხედავთ და ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვცდით, თუ როგორ ნეგატიურად აისახება აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარება თანამშრომელთა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ვითარება ხელს უწყობს და ახალისებს ჩვენს დემორალიზებას და ფაქტობრივად, აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს - გამონახონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი სიტუაციის განმუხტვისთვის და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის.

იმედს ვიტოვებთ, რომ მაუწყებლის არცერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე და მენეჯმენტი უზრუნველყოფს მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ გაერთიანებას, ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად, მიგვაჩნია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ჩართულობა მიმდინარე პროცესში'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს ასევე განცხადება გაავრცელა ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში