რატომ დანიშნა აჭარის მთავრობამ ორ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ერთი ხელმძღვანელი - მისი ხელფასი ჯამში 9150 ლარია

28 თებერვალი 2020, 13:23 2668 ნახვა

რატომ ჰყავს ორ საბიუჯეტო ორგანიზაციას ერთი უფროსი, რომელსაც ხელფასის სახით 9.150 ლარი ერიცხება? - ეს კითხვა  ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაუსვეს.

საუბარია შპს "სტადიონის" დირექტორზე, ჯაბა სურმანიძეზე, რომელიც 13 თებერვლის შემდეგ „ნარჩენების მართვის კომპანიასაც“ ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზიაცია აჭარის მთავრობის დაფუძნებულია.

"ბათუმელების" ინფორმაციით, შპს "სტადიონში" მისი ანაზღაურება 6 250 ლარია, ხოლო „ნარჩენების მართვის კომპანიაში" ხელმძღვანელს, ხელფასის სახით 2900 ლარი აქვს განსაზღვრული.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია  ჯაბა სურმანიძის პროფესიონალიზმითა და სანდოობით.  თორნიკე რიჟვაძე  თქმით, "ორივე ორგანიზაციაში თანხების ოპტიმიზაცია სწორედ ამ ადამიანმა მოახერხა, რაც გაცილებით დიდი რესურსია, ვიდრე მას მთავრობა ხელფასის სახით უხდის ". 

შპს "სტადიონისა" და „ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი, სტადიონის მშენებლობისა და ცეცხლაურში ნაგავსაყრელის ასაშენებლად, 300 მილიონს ლარს განკარგავს. 

შპს "სტადიონის" მშენებლობა თითქმის დასრულებულია და მისი გახსნა მაისში იგეგმება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში