კორონავირუსის გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და აეროპორტში მგზავრების ნაწილს ამოწმებენ - შსს

27 თებერვალი 2020, 15:56 1409 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის და დაავადების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რისკჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

''მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.

ასევე, გაცნობებთ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში