საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - გიორგი გახარიას ინტერვიუს The Washington Times აქვეყნებს

25 თებერვალი 2020, 11:48 1394 ნახვა

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

“რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – წერს პრემიერი და დასძენს, რომ “ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

„ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატო-ს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამავე დროს, შავი ზღვა, ძვირადღირებული პროდუქციით, მათ შორის დიდი ოდენობის ამერიკული ექსპორტით, იქცევა ვაჭრობის გზაჯვარედინად ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში უმოკლესი მარშრუტის თვალსაზრისით. შავი ზღვა ასევე მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგორესურსების სატრანზიტო მილსადენების გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც მიედინება ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებისკენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერი.

სტატიის თანახმად, რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი, მაგრამ დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის გარკვეული რეგიონები. თუმცა, შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა შავიზღვისპირა სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობენ ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით.

ხსენებული ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაცია, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული სანაპირო ტერიტორიის – აფხაზეთის ჩათვლით. რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების უკანონო ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მცდელობები, შეიტანოს დესტაბილიზაცია ბალკანეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი შავი ზღვისპირა ქვეყნებში, ცალსახად დასტურდება დოკუმენტურად. რუსეთს არ სჭირდება ამ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ოკუპაცია, რათა განახორციელოს თავისი სტრატეგიები შავ ზღვაზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შავ ზღვას ესაზღვრება ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე ნატო-ს ასოცირებული წევრი – საქართველო. შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს გამოწვევას, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია საქართველოს მხარდაჭერის გარეშე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწევების, ასევე დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნებისადმი დადასტურებული ერთგულების წყალობით, საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას, რისთვისაც ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ. აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, – მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, – ასევე აღიარებენ საქართველოს უნიკალურ უნარს, შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შავ ზღვაზე. შავი ზღვის უსაფრთხოება, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში დღევანდელობის სხვა ახალ აქტუალურ საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა ჩვენი შეხვედრის მთავარ თემას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. ესპერმა აღნიშნა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი არსებითი როლი ამ ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო უკვე ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტს თავდაცვაზე და ჩვენ მხარში ვუდგავართ აშშ-სა და ნატოს ყოველთვის და ყველგან, სადაც მათ ეს ესაჭიროებათ“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, სტატიის თანახმად, დავოსის ბოლო ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში