აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი გახდა

21 თებერვალი 2020, 20:56 2162 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ვახო ხუზმიაშვილი წარსულში ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

კომისიის წევრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთეს. კონკურსში მაუწყებლის ორი ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე მონაწილეობდნენ. კონკურსანტებთან გასაუბრება მედიისთვის დახურეს. ჟურნალისტი მხოლოდ ერთ კანდიდატთან ფირუზ ბოლქვაძესთან გასაუბრებას ესწრებოდა, კომისიის წევრებმა სხდომის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს​, რაც საინფორმაციო სამსახურმა იკითხა, რატომ უჩვენებდნენ კონკურსანტებს ტელევიზიის რეპორტაჟს, რომელსაც თვითრეგულირების საბჭო განიხილავდა. საკონკურსო კომისია ოთხწევრიანი იყო.

კონკურსანტებს მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა გოგოლიშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მოწვეული სპეციალისტი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი ესაუბრებოდნენ.

მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიცია ვაკანტური ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ გახდა. დირექტორის მოადგილემ პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. მანამდე კი დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მას ხელშეკრულება შეუცვალა და კონტრაქტიდან ამოიღო ის პუნქტები, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში