ბათუმის მერია ბინების იაფად მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

21 თებერვალი 2020, 14:33 40255 ნახვა

ბათუმის მერია ე.წ იაფი სახლის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

იაფ სახლში ბინების მიღების მსურველების რეგისტრაცია 2 მარტიდან დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

​ბათუმის მერიის ინფორმაციით, აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

➤ შევსებული განაცხადის ფორმა
➤  ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები
➤  ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში)
➤ ცნობა ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის მაინც ბათუმში რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის თარიღის მითითებით (ცნობა წარმოდგენილი იყოს ოჯახის იმ წევრის რეგისტრაციის შესახებ, რომლის ბათუმში რეგისტრაციის
ხანგრძლივობა უფრო მეტია)
➤ ცნობა ოჯახის წევრების სამუშაო ადგილიდან (ხელფასის მითითებით) მიმდინარე და უკანასკნელი ერთი წლის პერიოდისათვის, ასევე იგივე პერიოდისათვის საბანკო ამონაწერი და ცნობა საგადასახადო ორგანოდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის შესახებ
➤ ცნობა საჯარო რეესტრიდან და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან საქართველოს მასშტაბით ოჯახის წევრთა საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის/არარსებობის შესახებ
➤ ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელთან დაკავშირებით ქირავნობის ან სხვა შესაბამისი ხელშეკრულების ასლი (არსებობის შემთხვევაში) ან ქონების მესაკუთრის წერილობითი დოკუმენტი (ნოტარიულად დადასტურებული) ქონებით სარგებლობის თაობაზე
➤ ცნობა „კრედიტინფო საქართველო“-დან ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე სესხის არსებობის/არარსებობის შესახებ. საბანკო სესხის არსებობის შემთხვევაში,
გადახდის მდგომარეობის შესახებ
➤ ცნობა ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის არსებობის/არარსებობისა და მინიჭებული ქულების შესახებ
➤ ცნობა (შესაბამისი დოკუმენტი) ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსის შესახებ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ოჯახში, ახალდაქორწინებული წყვილი, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
➤ განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მისი მოსაზრებით შეიძლება საფუძვლად დაედოს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მიღებული განაცხადების შესწავლა-გადარჩევა, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, ანკეტის შევსება, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა და სარეიტინგო ქულების მინიჭება მოწვეული კონსულტანტის მიერ განხორციელდება.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კონსულტანტი, რომელმაც აპლიკანტები უნდა შეარჩიოს, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გამოვლინდება.

შერჩეული პირები ბინებს ,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქ. # 78ა-ში მდებარე კორპუსებში მიიღებენ. აღნიშნულ მისამართზე 2 ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა, დარჩენილი 2 კორპუსის მშენებლობა კი მიმდინარე წელს დასრულდება.

თითოეულ კორპუსში 20 ბინაა და ყოველ სართულზე განთავსებულია თითო ერთოთახიანი და სამოთახიანი, ასევე, ორი ოროთახიანი ბინები.

პროექტის ფარგლებში  იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინები კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ ოჯახებს 15 წლის განმავლობაში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით გადაეცემა.

,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

➤ ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახებისთვის 1200,0 ლარს, 2 სულიანისთვის - 1800,0 ლარს, 3 სულიანისთვის - 2400,0 ლარს, ხოლო 4 და მეტ სულიანისთვის - 3000,0 ლარს (ამ პუნქტის მიზნებისთვის, ხელფასის შემთხვევაში
შემოსავალში იგულისხმება ხელზე ასაღები ხელფასი)“
➤ ოჯახის ერთ სრულწლოვან წევრს მაინც უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ბათუმში, სულ მცირე, ერთი წელი
➤ ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური
➤ ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართი (10 კვადრატულ
მეტრზე მეტი)
➤ ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისათვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას
➤ ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს
➤ ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს მიერ საარსებო შემწეობის გაცემა.

 ამ ეტაპზე გასანაწილებელია ორ კორპუსში 40 ბინა.  1 კვადრატული მეტრი ფართობის თვითღირებულება 1 083 ლარით განისაზღვრა. თანხა ბინის მესაკუთრემ 15 წელში  უნდა დაფაროს. ყველაზე მცირე ზომის (35 კვადრატული) ბინის ყოველთვიური გადასახადი,  საშუალოდ 200 ლარამდე განისაზღვრა, მაქსიმალური სიდიდის ფართის ღირებულება კი 500-ლარადმე.  თუ პირი თანხას ვერ გადაიხდის, ხელშეკრულება შეწყდება ის ქირაში ჩაეთვლება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში