რაგბის ნაკრებმა მორიგი მატჩისთვის გუნდი ''გადააწყო''

21 თებერვალი 2020, 10:43 1454 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ბელგიასთან 22 თებერვალს გასამართი მატჩისთვის, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ეროვნული ნაკრების 2 დებიუტანტი მოხვდა. ორი კვირის წინ ესპანეთთან ჩატარებული მატჩთან შედარებით, სასტარტო თხუთმეტეულში ერთბაშად ცხრა ცვლილებაა და გუნდი მნიშვნელოვნადაა გაახალგაზრდავებული.

შერკინების პირველი ხაზი მთლიანად შეიცვალა და ბელგიასთან თამაშს გურამ გოგიჩაშვილი, ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე დაიწყებენ. 19 წლის კარკაძე წელს ნაკრების მაისურით პირველად ითამაშებს და ამასთან სასტარტო შემადგენლობაშიც პირველადაა.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ნოდარ ჭეიშვილმა, რომელსაც დებიუტანტი ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. წელს ნაკრების შემადგენლობაში პირველადაა ,,ბათუმის’’ სარაგბო კლუბის მეორაგბე გიორგი თხილაიშვილი. ბექა გორგაძე კი 33-ე ბორჯღალოსანია, რომელიც გუნდს უკაპიტნებს.

”შანსი იმ მორაგბეებს ეძლევათ, ვისაც წელს ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ, ან საერთოდ არ უთამაშიათ. ამ ტურნირზე, თუ სადმე შეიძლებოდა ახალგაზრდების გამოცდა, ვფიქრობთ, ეს ბელგიის ნაკრებია’’ - განაცხადა ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა.

ამ დროსთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, 8 ქულა აქვს პორტუგალიას, ხოლო ბელგიელები 6 ქულით მესამე პოზიცას იკავებენ. ამ გუნდებს შორის 1 წლის წინ გამართულ დაპირისპირებაში საქართველომ 40 ქულიანი სხვაობით 6:46 გაიმარჯვა.

შეხვედრა ხვალ 22 თებერვალს ქუთაისში ,,აია არენაზე’’ 15:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში