ისინი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან - ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ კოლეგებზე

18 თებერვალი 2020, 14:53 1338 ნახვა

სიმბოლურია, რომ პარლამენტში საბჭოური ინტერვენცია განახორციელა ელენე ხოშტარიამ, დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტმა - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე ასე დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ პერფორმანსით ოპოზიციამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თავიანთი ღირებულებებით საქართველოში "საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები" არიან.

„მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ჩვენი ნაციონალი კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით, პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მძიმე და სამწუხაროა. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას აკეთებდა: „ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვებს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში