როგორ მოხვდით პროკურორობის შემდეგ "სილქ როუდში", მადლიერების გამო დაგასაქმეს?

17 თებერვალი 2020, 16:52 3151 ნახვა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, გენერალური პროკურორობის კანდიდატს - ირაკლი შოთაძეს უსმენენ.  

"ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ ირაკლი შოთაძეს ჰკითხა, თუ როგორ და რატომ დახურა "სილქ როუდ ბანკზე" აღძრული სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ კი, პროკურორობიდან წასვლის შემდეგ, ამ კომპანიაში დასაქმდა.  

"თქვენს ავტობიოგრაფიაში მითითებული გაქვთ, რომ კერძო სექტორში იყავით, უფრო კონკრეტულად "სილქ როუდ ჯგუფის" კონსულტანტად. 

თავის დროზე, როცა "სილქ როუდ ბანკის"...  მათ შორის ვითიბი ბანკის ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტზე საქმე აღიძრა, თქვენ მაშინ, თუ სწორად მახსოვს, ფინანსურ პოლიციაში მუშაობდით და მონაწილეობდით ამ საქმის გამოძიებაში. 

ეს გამოძიება მას შემდეგ შეწყდა, როცა თქვენ გახდით მთავარი პროკურორი და შედეგი ამ საქმეზე არ დამდგარა, უბრალოდ დაიხურა. კითხვა მაქვს თქვენთან, "სილქ როუდში" თქვენი დასაქმება, ხომ არ არის დაკავშირებული ამასთან, მადლიერების გრძნობასთან მათი მხრიდან, თუ რა ხდება" - ჰკითხა დეპუტატმა პროკურორობის კანდიდატს. 

კობერიძემ ასევე მოსთხვა შოთაძეს, რომ ისე ეპასუხა მისი შეკითხვებისთვის, როგორც პროკურორს პასუხობენ დაკითხვაზე: "როგორ მოხვდით "სილქ როუდ ჯგუფში" დეტალურად  მოგვიყევით... ტენდერი იყო? ღია ვაკანსია? CV გააგზავნეთ თუ როგორ იყო? ვის შეხვდით, ვის ესაუბრეთ? ვისთან გქონდათ კომპანიაში მოლაპარაკება და როგორ აგიყვანეს?" 

ლევან კობერიძემ იქვე მისი ეჭვების შესახებ გააკეთა განცხადება: "გვერდიდან ცოტა ისე გამოიყურება, თანამდებობიდან რომ მიდიან პირები და უცებ იწყებენ მუშაობას დიდ კომპანიებში... მით უფრო, ფულის გათეთრების ეს საქმე იყო რთული, სახელმწიფო იყო ჩარეული ამ პროცესში და ვალდებულებები ჰქონდა აღებული, თქვენ კი საქმე დახურეთ". 

დეპუტატმა სთხოვა ირაკლი შოთაძეს, წინა პროკურორობის პერიოდიდან "საქმენი საგმირონი"  ჩამოეთავალა:  " რა მნიშვნელოვანი საქმეები გახსენით თქვენი პროკურორობის დროს, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს და არ დარჩეს  შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობა ტყუილად გაქებთ. და ბოლო კითხვა...  ხაზარაძის საქმეზე და იმ შეხვედრაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. დეტალები გაიხსენეთ რა? რა და როგორ მოხდა, თქვენ  დაურეკეთ ბატონ ბიძინას და უთხარით ამოვალ პროექტი უნდა განვიხილოთო?  ახვედით და იქ დაგხვდათ ხაზარაძე თუ როგორ? თქვენ თქვით, რომ უხერხულობა იგრძენით და რატომ არ წამოდით? ასე მოგერიდათ ამის თქმა, რომ უხერხულად გრძნობთ თავს?  რა პროექტს განიხილავდით იმ დღეს ივანიშვილთან?" - კითხა ლევან კობერიძემ პროკურორობის განდიდატს. 

პროკურორობის კანდიდატს, ჯერ პასუხიების გაცემა არ დაუწყია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში