ხულო-თაგოს საბაგირო გაჩერებულია - 3400 მეტრიანი სიგრძის ბაგირი მთლიანად უნდა შეიცვალოს

10 თებერვალი 2020, 14:14 1099 ნახვა

ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. იგი ორ კვირაზე მეტია არ მუშაობს. გეგმური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა საფრთხის შემცველი იყო.

3400 მეტრიანი სიგრძის ბაგირი მთლიანად უნდა შეიცვალოს, რისთვისაც 125 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. სამუშაოებისთვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

საბაგიროს დაზიანების შემდეგ, სოფელ თაგოში არ დანიშნულა მუნიციპალური ტრანსპორტი, მოქალაქეებს სოფლამდე მისასვლელად  7 კილომეტრიანი შემოვლით გზის გავლა უწევთ. რაც შეეხება იქ დასაქმებულ პედაგოგებს, მათ მგზავრობას ხულოდან თაგომდე ადგილობრივი რესურსცენტრი უზრუნველყოფს.

თაგოში ხულოდან 8 პედაგოგი დადის, მათ სკოლის ტრანსპორტი საბაგირო გზის ამუშავებამდე მოემსახურება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში