სამხედრო ფეხსაცმელებისა და ფორმების მითვისებისთვის თავდაცვის ძალების თანამშრომელი დააკავეს

07 თებერვალი 2020, 16:06 2070 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღდეგოდ მითვისების ბრალდებით  ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის  მატერიალური ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წლის 05 ივნისს  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში