“სირცხვილიას” მიმართვა აშშ-ს ელჩს

06 თებერვალი 2020, 12:51 1359 ნახვა

მოძრაობა "სირცხვილია" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს. მოძრაობის აქტივისტები დიპლომატს დახმარებას სთხოვენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ე.წ. გავრილოვის ღამეზე და ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.  "ქართველმა ხალხმა საკუთარი ისტორიული არჩევანი კონსტიტუციაში ასახა – ჩვენ გვსურს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს ძალიან ძვირი გვიჯდება: საქართველოს 20% ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყანა ევროატლანტიკური არჩევანის გამო მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციით გვიხდის სამაგიეროს, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას მაინც აგრძელებს. პროპორციული არჩევნები ჩვენი აქციების 3 მოთხოვნიდან უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან არსებული შერეული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯგუფების სრულყოფილ რეპრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოში.“ -აღნიშნულია განცხადებაში. "გვინდა გთხოვოთ, დაეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ, რისი მიღწევაც პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაარწმუნოთ მმართველი პარტია, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში