მამა არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა - მას 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

05 თებერვალი 2020, 13:25 2048 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ის 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. 2018 წლიდან  მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის.

ერთ-ერთი შვილი, რომელიც სკოლის მოსწავლეა, მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა.   

2018 წლის ზაფხულში მან მამას უთხრა, რომ რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო გადატვირთული გრაფიკის გამო და სურდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის. პასუხად, მამამ, შვილს მაჯაზე  წვერის საპარსი გაუსვა. 

2018 წლის სექტემბერში ბრალდებულმა ქალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.  

სამართალდამცველებმა  2019 წლის 1 მაისს თბილისში დააკავეს. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დ​ამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში