"არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია'' - ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა

02 თებერვალი 2020, 20:17 3129 ნახვა

აჭარის მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას დირექტორის მოადგილე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

''ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე - აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია.

1. იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება;
2. ჩემი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა; 
3. გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი უფლებები შეიცვალა;
4. აქამდე  იმიტომ დავრჩი, რომ არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ის ერთიც უპატიებელია.
5.  ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ;
6.  კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას;
7. აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს,სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს;
8. იმედი მაქვს, არხიდან  ჩემი წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან;
9. არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიაზე რაც ხდებოდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური პროცესი;
10. ბატონ კოხრეიძეს ვუჩივლე და ამ ამბავს ბოლომდე მივყვები. გამოძიებას ვენდობი-მეთქი რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვიქნები;
11. სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება. 

თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ,  გავაანალიზეთ და შევთანხმდით. 
 
მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება.

მივდივარ ბათუმიდან. სენტიმენტებით არ შეგაწყენთ თავს.

სავარაუდოდ გაქვთ კითხვა: სად გავაგრძელებ მუშაობას?

აქაც გადამწყვეტი არხის   თავისუფლება იყო,  კონსულტაციები უკვე მქონდა, გავეცანი ჩემს მომავალ სამუშაოს აღწერილობას, ბიუროკრატიის მოწესრიგების  შემდეგ მუშაობას ტვ პირველზე გავაგრძელებ - ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქ) „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები. „ღამის ამბები“ მიჰყავს თამარ ჩიხლაძეს ,ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს,  საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე'', - წერს ნათია ზოიძე ფეისბუქ გვერდზე.

ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსში მონაწილეობდა. პირველ კონკურსში მას მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მხარი 1 დაუჭირა. დანარჩენი ხმები კი სხვა 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. ის განმეორებით კონკურსშიც მონაწილეობდა, რომელიც უკვე ახალი მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ ჩატარდა. მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. 

ნათია ზოიძე, 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, როდესაც მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადეს,  მოვალეობას ასრულებს. 

2019 წლის 6 დეკემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დანიშვნიდან 2 კვირაში, მისი მოადგილის ნათია ზოიძის წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოება დაიწყო. საქმე ეხებოდა ტელევიზიიდან საარქივო მასალების გამოთხოვისა და მისი შესაძლო გაცემის საკითხს. 

ორ თვიანი მოკვლევის შემდეგ, 8 იანვარს დირექტორმა საქმისწარმოება შეწყვიტა, იმ მოტივით, რომ მაუწყებელს არ აქვს არქივიდან მასალების გაცემის წესი და შესაბამისად, დისციპლინარული წარმოება და სანქცია შესაძლოა ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო. 

დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე დასაბუთების ნაწილს არ ეთანხმება. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს. ნათია ზოიძემ თავდაპირველად პროკურატურას მიმართა, რომელიც მოგვიანებით გადაეწერა შს სამინისტროს. მის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.  

არქივის საკითხს ეხება კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა 30 ნოემბერს გააკეთა.  მაუწყებელთან ინტერვიუში გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის მასალების 6 თვის არქივიც გაქრა, თუმცა საკითხზე მოკვლევა არ დაუწყია. 

მაუწყებლის დირექტორს მისი არჩევიდან 2 კვირაში დისციპლინარული წარმოების დაწყება, მისი მიერ გაკეთებული განცხადებები ნათია ზოიძის "პოლიტიკური დღის წესრიგის" შესახებ და ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები, ზეწოლად და საინფორმაციო სამსახურის პოლიტიკის შეცვლის მცდელობად შეაფასა მისმა მოადგილემ. ნათია ზოიძე ამბობდა, რომ დირექტორი მისი ობიექტური ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვას და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თანაფილირებას ცდილობდა, რაც თავიდანვე აბსურდი იყო.   

ამ პროცესებში ჩაერთნენ და განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრებმაც. თქვეს, რომ ნათია ზოიძის თვის ხელშეკრულების შეცვლით საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლი ეჭვი პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში