ექიმების მიერ პატიმრების დამცირების გამო მსჯავლდებულები თვითდაზიანებებს იყენებენ - წერილი ბათუმის ციხიდან

01 თებერვალი 2020, 12:22 1348 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბათუმის  მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან,  პატიმარმა წერილი გამოუგზავნა. ტექსტში საუბარია, რომ მე-18 ანუ სამედიცინო  დაწესებულებაში, სადაც მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაყვანა მოითხოვა,  გაუსაძლისი პირობები და ანტისანიტარიაა. მსჯავრდებული საუბრობს,  ექიმების მხრიდან  პატიმრების დამცირებისა და უყურადღებობის ფაქტებზე, რის გამოც  მისივე თქმით პატიმრები თვითდაზიანებებს მიმართავენ.

წერილის ავტორი საუბრობს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო  მე-3 დაწესებულებაში დაბრუნება, მხოლოდ თავის ჩამოხრჩობის მუქარით მოახერხა. პატიმარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 2019 წლის ბოლოს  შეხვდა. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ მაშინ მსჯავრდებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა , აღნიშნული წერილის გამოგზავნის შემდეგ კი  დეტალების დასაზუსტებლად  ანანიძე  პატიმართან შეხვედრას ისევ გეგმავს.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან ინფორმაცია წერილობით მოგვაწოდეს, სადაც აღნიშნულია ,რომ უწყების მიმართ მსჯავრდებულის ბრალდებები სიცრუეა.  მათი თქმით,  მსჯავრდებულს  არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. უწყებაში  ადასტურებენ  იმას, რომ მსჯავრდებულმა უარი განაცხადა სამკურნალო დაწესებულებაში კვლევების გაგრძელებაზე და მოითხოვა გაწერა სასჯელის მოხდის ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდაზიანებით იმუქრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში