მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში არ უშვებენ, ის შეუძლოდ გახდა

29 იანვარი 2020, 11:37 1977 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.  მაჩალიკაშვილზე საშვი ოპოზიციური პარტიის წევრებმა დაუშვეს. პარლამენტის შენობასთან, დაცვის სამსახურთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტარებთან ერთად ბრიფინგის გამართვას გეგმავდა, სადაც მის მოთხოვნას გაახმოვანებდა. 

''ამ კრიმინალთა ხროვას​ ეშინიათ ერთი ადამიანის. მთელი სახელმწიფო, როცა ებრძვის ერთ მოქალაქეს ებრძვის, წარმოიდგინეთ რა ხდება. ჩემი კი არა სიმართლის ეშინიათ'', - თქვა მაჩალიკაშვილმა. 

ფოტო: ipn.ge და on.ge

25 იანვარს პროკურატურამ თემილან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, სადაც სპეცრაზმელის მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს იძიებდნენ, გამოძიება შეწყდა. 

პროკურატურა ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ინტენსიური გამოძიების შედეგად მიიღეს. ამტკიცებენ, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცველებს შეცდომა არ დაუშვიათ და თავს იცავდნენ. მათი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა, რომელიც რეალურ საფრთხეს ქმნიდა. მოკლულ ახალგაზრდას ტერორისტებისთვის დახმარებას ედავებოდნენ. ამ საქმეზე სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია შეტანილი. ცნობისთვის, სპეცოპერაციისას სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი იყო. იგი დღეს მაჩალიკაშვილისგან პარალელს ტერორისტულ ორგანიზაცია  ISIS-სთან ავლებს, ISIS-ის უკან კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს.

"თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა, ეს იყო ფორმალობა" - ასე გამოეხმაურა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას. მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ გამოძიება მაშინ შეწყდა, როდესაც ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვდნენ. „თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს“ - ამბობს თამთა მიქელაძე. 

მაჩალიკაშილების ოჯახი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

 

განახლება / 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში