ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდება

25 იანვარი 2020, 16:11 4554 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება.

"მგზავრებს თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ. თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნება, მას სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.

თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. დღეს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდება და აეროპორტში მობილიზებულები იქნებიან მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ყველა მგზავრს გადაეცემა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება ასახული“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს  სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს.

სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთში ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ დადასტურებული ინფორმაციით სრულიად განიკურნა.

„კარგი და საიმედო ამბავი არის ის, რომ ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტები შესახებ ინფორმაცია. ექვსდღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით, რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია. თუმცა დღეს ისიც ცნობილია, რომ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება ამ ვაქცინის გამოსვლაც და მისი გამოყენება იმ რისკის რეგიონებში, რომელიც დღეს არის უკვე წითელი წერტილები გლობალურად ამ დაავადებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ფოტო:სოციალური ქსელიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში