პროკურატურა ლევან იზორიას ძმის მონაწილეობით საქმეს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს

24 იანვარი 2020, 17:48 2272 ნახვა

პროკურატურამ ლევან იზორიას ძმის მონაწილოებით მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. საგამოძიებო უწყება ფაქტს სსკ-ის 333 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გუშინ, 23 იანვარს, გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი მოქალაქეს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ყვება, რომ დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა აღმოჩნდა, რომელიც  სატელეფონო ზარებისა და "ჩარევის" შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში